სიახლეები


ადამიანის უფლებების კურსზე ტრენერთა შესარჩევი კონკურსი

სსიპ „იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ“ ევროპის საბჭოსა (CoE) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) თანამშრომლობით მოსამართლეთათვის შეიმუშავა სპეციალური, 3 დღიანი, სასწავლო კურსი ადამიანის უფლებების თემაზე. კურსის მიზანია მოსამართლეების სისტემური ცოდნით აღჭურვა ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონული წყაროების, მექანიზმების, სტანდარტების და ეროვნულ დონეზე მათი ეფექტიანი გამოყენების შესახებ.

სამუშაო პროცესის მიზანია სსიპ „იუსტიციის უმაღლესი სკოლის“ შიდა რესურსის განვითარება ადამიანის უფლებების სფეროში, რაც კურსის შემუშავებასთან ერთად მოიაზრებს თემაზე  სსიპ „იუსტიციის უმაღლესი სკოლის“ ტრენერების შერჩევასა და მომზადებას. სსიპ „იუსტიციის უმაღლესი სკოლის“ ტრენერთა ანაზღაურება ხორციელდება მათ მიერ ჩატარებული ტრენინგების ხანგრძლივობის შესაბამისად (საათობრივად).

ადამიანის უფლებების თემაზე კურსის ტრენერთა შერჩევის მიზნით სსიპ „იუსტიციის უმაღლესი სკოლა“ აცხადებს კონკურსს, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოქმედ მოსამართლეებს.

 კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმებია:  

  • გამოცდილება ადამიანის უფლებების სფეროში;
  • გამოცდილება სწავლების სფეროში;
  • ადამიანის უფლებების სფეროში, სსიპ „იუსტიციის უმაღლესი სკოლის“ ტრენერობის მაღალი ინტერესი;
  • ექსპერტების მიერ ჩატარებულ სამივე ტრენერთა ტრენინგზე სავალდებულოდ დასწრების  შესაძლებლობა (2 ტრენერთა ტრენინგი ჩატარდება ივლისში/ერთი სექტემბერში).

ამასთან, სასურველია: 

  • ინგლისური ან ფრანგული ენების ცოდნა;
  • პუბლიკაციები ადამიანის უფლებათა სფეროში;
  • ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ კურსებში/ტრენინგებში წარსულში მონაწილეობა.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, გთხოვთ, თქვენი ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 600 სიტყვა) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე არაუგვიანეს 10 ივნისისა: stsiklauri@hsoj.ge.

გთხოვთ, სამოტივაციო წერილში აღნიშნოთ თუ რატომ თვლით, რომ გამოცხადებული პოზიციისთვის ხართ შესაბამისი კანდიდატი, რატომ ხართ დაინტერესებული ტრენერობით ადამიანის უფლებების სფეროში და რატომ მიგაჩნიათ, რომ აღნიშნული კურსის შემუშავება აქტუალურია სასამართლო სისტემისთვის.

კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს: პირველ ეტაპზე, წარმოდგენილ განაცხადებს შეაფასებს კურსის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სსიპ „იუსტიციის უმაღლესი სკოლის“, USAID/PROLOG-ისა და ევროპის საბჭოს (CoE) წარმომადგენლები. მეორე ეტაპზე, სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეული კანდიდატები წარედგინება იუსტიციის უმაღლეს სკოლის დირექტორს.

 გადაწყვეტილება მიღებული იქნება 2016 წლის 25 ივნისამდე.  


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI