22-23 მარტს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ მხარდაჭერით იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ფსიქიატრიული ჯანდაცვა“.
სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო ბრიტანეთის ფსიქიატრიული ჯანდაცვის ტრიბუნალის მოსამართლე-ექსპერტი - ბელინდა ჩენი.
ტრენინგის თემატიკა მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ფსიქიატრიული დაავადებების ამოცნობის გზები, ქართული კანონმდებლობა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, კერძოდ, პაციენტის ფსიქიატრიულ სტაციონარში იძულებით მკურნალობასთან (IPPA) დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები და სასამართლო პრაქტიკა, რისკების შეფასება, და ა.შ. სემინარი დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით.
აღსანიშნავია, რომ ტრენერთა ტრენინგში სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის ქართველი მოსამართლე-ექსპერტების გარდა, მონაწილეობდა ფსიქიატრიც, რაც უზრუნველყოფს მულტიდისციპლინურ მიდგომას საკითხისადმი.
ტრენერთა ტრენინგში მონაწილე ექსპერტები ახლო მომავალში ჩაატარებენ საპილოტე ტრენინგს ქართველი მოსამართლეებისთვის.