წევრობა საერთაშორისო ორგანიზაციებში


იუსტიციის უმაღლესი სკოლა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია. 2014 წელს, უწყების მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით.

იუსტიციის უმაღლესი სკოლა სამოსამართლო სწავლების საერთაშორისო ორგანიზაციის - IOJT წევრი და სამოსამართლო სწავლების ევროპული ქსელის - EJTN დამკვირვებელი წევრია. ამავდროულად სკოლა ლისაბონის ქსელის წევრია.

სამოსამართლო სწავლების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOJT) მიზანია სამოსამართლო სწავლების ინსტიტუტების საქმიანობის მხარდაჭერა და მათი გაძლიერება, რაც ხელს უწყობს მსოფლიოში კანონის უზენაესობის განმტკიცებას. სამოსამართლო სწავლების საერთაშორისო ორგანიზაცია სხვადასხვა შინაარსის საერთაშორისო კონფერენციებისა და გაცვლითი პროგრამების ორგანიზებით, სამოსამართლო სწავლების ინსტიტუტების წარმომადგენლებს, მოსამართლეებსა და ტრენერებს შესაძლებლობას აძლევს იმსჯელონ სამოსამართლო სწავლებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

სამოსამართლო სწავლების ევროპული ქსელი (EJTN) ხელს უწყობს საერთო ევროპული სამართლებრივი სივრცის შექმნას ევროპული ქვეყნების მოსამართლეებსა და სხვა სამართლებრივი წრის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გზით. ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრებს წარმოადგენენ ევროკავშირის ქვეყნების სამოსამართლო სწავლების ცენტრები. დამკვირვებლის სტატუსით წევრობა გენერალურ ასამბლეას შეუძლია მიანიჭოს მხოლოდ იმ ქვეყნების სამოსამართლო სწავლების ცენტრებს, რომლებიც ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესში იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჯერ არ აწარმოებს ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა EJTN-ის  გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო ორგანიზაციის დამკვირვებელ წევრად. ამ წარმატების შედეგად, როგორც მოქმედ, ისე მომავალ მოსამართლეებს და სასამართლო მოხელეებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ EJTN-ის  მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში ჩატარებულ სემინარებსა და გაცვლით პროგრამებში.

ლისაბონის ქსელი 1995 წელს შეიქმნა, როგორც ევროპის საბჭოს სამართლებრივი თანამშრომლობის პროგრამის ნაწილი. ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ევროპის ქვეყნების სამოსამართლო და საპროკურორო სწავლების ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობას მათ შორის, საერთო ინტერესის თემებზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლას და თანამშრომლობის საფუძველზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამოსამართლო სწავლების ინსტიტუტების შემდგომ განვითარებას. 

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI