
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლობა მოიცავს როგორც მოქმედი მოსამართლეების პროფესიული სწავლების ტრენინგების, ასევე სამოსამართლო კანდიდატების მომზადების მიმართულებებს. GIZ-თან თანამშრომლობით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ შეიმუშავა სასწავლო კურიკულუმი თემაზე - რელაციის მეთოდი. სამოქალაქო სამართლის სფეროს თითქმის ყველა მოსამართლეს მიეცა აღნიშნულ თემაზე პროფესიული ტრენინგის გავლის საშუალება.
იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ GIZ-თან თანამშრომლობით, გერმანელი ექსპერტების და სკოლის პედაგოგი - მოსამართლეების მონაწილეობით პროფესიული ტრენინგები განახორციელა შემდეგ თემებზე: ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, საარჩევნო კანონმდებლობა, შრომის კანონმდებლობა, კონკურენციის სამართალი და სხვ.
სამოსამართლო კანდიდატების 10-თვიანი მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში, GIZ-ის მხარდაჭერით როგორც წესი, ხორციელდება სამოსამართლო კანდიდატების ჯგუფების სამუშაო ვიზიტი გერმანიაში, ქ. ჰამბურგში. ვიზიტის ფარგლებში, სამოსამართლო კანდიდატები დეტალურად ეცნობიან გერმანული სამართალწარმოების პრინციპებს. ასევე, სამოსამართლო კანდიდატების მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და GIZ-ის თანამშრომლობით, რამდენიმე დამატებითი ტრენინგი ჩატარდა გერმანელი ექსპერტების მონაწილეობით თემებზე: რელაციის მეთოდი, სამართლებრივი მართლწერა, გადაწყვეტილების დასაბუთება, ნორმის განმარტება.
უკან