13-14 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ სემინარს – „ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევებთან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების საკითხები“ გაუკეთა ორგანიზება. სემინარზე ექსპერტად მიწვეული იყო მორისონ ინგლანდი – აშშ-ის ფედერალური რაიონული სასამართლოს მოსამართლე და კალიფორნიის აღმოსავლეთ რაიონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. სემინარის მიზანი მოსამართლეთათვის კვალიფიკაციის ამაღლებაა.
დღე მისასალმებელი გამოსვლებით დაიწყო. აშშ-ის გამოცდილების მიმოხილვისა და „საქპატენტის“ სიტუაციური მაგალითების მიმოხილვის შემდეგ, სემინარის მეორე დღეს, იმსჯელეს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების როლსა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ასევე, განიხილეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის სიტუაციური მაგალითები.
ღონისძიება განხორციელდა კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტისა და აშშ-ის საელჩო საქართველოში მხარდაჭრით.
ღონისძიება იუსტიციის უმაღლესი სკოლის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტისა“ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.
ღონისძიებაში საქართველოს მასშტაბით, 24 მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა.