TWINNING


სამოსამართლო სწავლების ევროპული ქსელის გენერალური ასამბლეა

სამოსამართლო სწავლების ევროპული ქსელის გენერალური ასამბლეა

2018 წლის 14-15 ივნისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ და დირექტორის მოადგილემ ქეთევან კვინიკაძემ მონაწილეობა მიიღეს სამოსამართლო სწავლების ევროპული ქსელის (EJTN) გენერალურ ასამბლეაზე რომელიც ბულგარეთში, ქ. ვარნაში გაიმართა. ღონისძიებას ბულგარეთის სამოსამართლო სწავლების უწყებამ უმასპინძლა.

სამოსამართლო სწავლების ევროპული ქსელი ხელს უწყობს საერთო ევროპული სამართლებრივი სივრცის შექმნას ევროპული ქვეყნების მოსამართლეებსა და სხვა სამართლებრივი წრის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გზით. ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრებს წარმოადგენენ ევროკავშირის ქვეყნების სამოსამართლო სწავლების ცენტრები. დამკვირვებლის სტატუსით წევრობა გენერალურ ასამბლეას შეუძლია მიანიჭოს მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესში იმყოფებიან. საქართველოს შემთხვევაში მოხდა გამონაკლისის დაშვებადა 2014 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა EJTN-ის გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო დამკვირვებელ წევრად.

გენერალურ ასამბლეაზე რომელშიც 100-ზე მეტი დელეგატი იღებდა მონაწილეობას იუსტიციის უმაღლესი სკოლის მენეჯმენტმა გააგრძელა კონსულტაციები EJTN-ის გენერალურ მდივანთან და ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან, ევროკავშირის მხრიდან დამკვირვებელ წევრთა სტატუსის მქონე უწყებების დაფინანსების და მხარდაჭერის გაზრდის საკითხზე.

აღსანიშნავია რომ სამოსამართლო სწავლების ევროპული ქსელის გენერალურმა მდივანმა მიმდინარე წელს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის 12 წლის იუბილისადმი მიძღვნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ მხარდაჭერით იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა საბჭოს წევრებს და თანამშრომლებს აქვთ უნიკალური საშუალება მონაწილეობა მიიღონ EJTN-ის მიერ ორგანიზებულ თემატურ ღონისძიებებში.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI