ევროპის საბჭო- იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების განვითარება


2014 წელს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება,“ რომელიც დაფინანსდა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. 

პროექტი - „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს:

  • იუსტიციის უმაღლესი სკოლის საჭიროებების შეფასება და უწყების სტრატეგიული განვითარების 2014-2018 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელობისთვის სამოსამართლო სწავლების ჰოლანდიური მოდელის გაცნობა;
  • სასამართლო სისტემაში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე პირთათვის შედეგზე ორიენტირებულ მენეჯმენტზე კურიკულუმის შემუშავება და დანერგვა.  

იუსტიციის უმაღლესი სკოლის საჭიროებების შეფასების პროცესი ევროპელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდა უწყების სტრატეგიული განვითარების 2014-2018 წლების გეგმა. დოკუმენტი მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: 
1.    ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფა; 
2.    ორგანიზაციული განვითარება;
3.    შიდა და გარე კომუნიკაციის განვითარება. 
იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის საზოგადოებისათვის პრეზენტაცია 2014 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა. ვრცლად
უცხოური გამოცდილების გაზიარები მიზნით, პროექტის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მენეჯმენტისა და  სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრებისგან შემდგარი დელეგაცია სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ნიდერლანდების სამეფოში, სადაც სამუშაო შეხვედრები გაიმართა სამოსამართლო სწავლების ცენტრში.  ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა დეტალურად შეისწავლეს ნიდერლანდების სამეფოს სამოსამართლო სწავლების ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. 
პროექტის ფარგლებში, ევროპელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა კურიკულუმი შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტის თემაზე, რომელიც მოიცავს სასამართლო მენეჯერისა და სისტემაში სხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მომუშავე პირთათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. შემუშავებულ კურიკულუმზე ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც მომავალ ტრენერებად მომზადნენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ნომინირებული სასამართლო სისტემის სამი თანამშრომელი. ტრენერები აღნიშნული კურიკულუმის გამოყენებით, მომავალში მოქმედ მოხელეთა პროფესიული ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ.
ევროპის საბჭო, როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის დაარსების ინიციატორი და მხარდამჭერი ასევე, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს სამოსამართლო კანდიდატების მომზადების პროცესს. სამოსამართლო კანდიდატების 10-თვიანი მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით როგორც წესი, ხორციელდება სამოსამართლო კანდიდატების ჯგუფების სამუშაო ვიზიტები საფრანგეთში, ქ. სტრასბურგში. ვიზიტის ფარგლებში სამოსამართლო კანდიდატები დეტალურად ეცნობიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს და არსებულ პრეცედენტულ სამართალს, ევროპის საბჭოს ინსტიტუტებისა და ორგანოების საქმიანობას.

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI